მე, არდაშელ თაქთირიძე(გიორგი თაქთაქიშვილი), დავიბადე ქ. თბილისში, 1960 წლის 9 მარტს. მყავს ცოლი - თამარ ჯავახიშვილი, სამი შვილი და ხუთი შვილიშვილი. პროფესიით ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი ვარ. პირველად, კალამი ხელში ორი წლის წინ ავიღე, მანამდე, სკოლის თემაც კი არ მქონდა დაწერილი. თავიდან მეშინოდა, როგორ შემხვდებოდა მკითხველი. ამიტომ, ფსევდონიმით ისე შევინიღბე, რომ არდაშელის ნამდვილი ვინაობა ოჯახშიც კი არ იცოდნენ. ერთხელ, სამსახურიდან სახლში მისულს, ცოლი გამომეგება
- არდაშელ თაქთირიძე ხომ არ იცი, ვინ არისო?
- ეგ ვინღა ოხერია-მეთქი? - გავიკვირვე.
- კარგ რაღაცებს წერს, აი, მისმინეო! - ჩემი ნოველა - "ნადარბაზევის ტბა" წამიკითხა.
- სულელია ვიღაცაა, შემეშვი ქალო, საჭმელი მაჭამე-მეთქი!
- შენ ლიტერატურის რა გესმის, უხეში სული გაქვსო! შარშან, ახალ წელს, ჩემი სურათი რომ დავდე, გადაირია, აღარ მელაპარაკებოდა, ძლივს შემოვირიგე.
ალბათ, მკითხავთ, ფსევდონიმად არდაშელ თაქთირიძე რატომ ავირჩიე.
XVI საუკუნეში, სამცხედან ქართლში გადმოსული თაქთაქ თაქთირიძის შვილები - არდაშელი და ელიზბარი, ორი გვარით იწერებოდნენ - თაქთირიძე-თაქთაქიშვილებად. არდაშელი იყო პირველი თაქთაქიშვილი - ჩემი შორეული წინაპარი.
მართალია, ნოველებიდან რამდენიმე განსაკუთრებით მიყვარს, მაგრამ ყველა ისინი, ჩემი სულის ნაწილია, ჩემთან ერთად ცოცხლობენ. და ვისურვებდი, როცა მოვკვდები, ჩემთან ერთად არ დაიმარხონ.
ხშირად გამიგია, ადამიანს ბედნიერებამდე ყოველთვის ერთი ნაბიჯი აშორებსო. არაფერიც, ბედნიერი ვარ! ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში! ბედნიერი ვარ, რომ გვერდში მიდგანან ცოლი, შვილები, რომ მახვევია შვილიშვილები! ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ თქვენ - ჩემი მკითხველი!

ჩემ შესახებ

: იტალიური ეზო
: პიანინო
: Amapola
: ახალი ნოველები